Tuesday, March 19, 2013

ბიოტური კავშირები განვიხილოთ ორგანიზმთა ურთიერთდამოკიდებულების სხვადასხვა ფორმები: ნეიტრალიზმი.ურთიერთობის ისეთი ფორმაა, როდესაც ერთ ტერიტორიაზე არსებული ორგანიზმები არავითარ გავლენას არ ახდენენ ერთმანეთზე. ნეიტრალიზმის შემთხვევაში სხვადასხვა სახეობის ინდივიდები უშუალოდ არ მოქმედებენ ერთმანეთზე, მაგრამ დამოკიდებულები არიან თანასაზოგადოების მთლიან მდგომარეობაზე. მაგალითად, ციყვი და ირემი ერთად ცხოვრობენ ტყეში, მაგრამ ერთმანეთზე გავლენას არ ახდენენ. ტყის აბიოტურ ფაქტორთა ცვლილება კი გავლენას ახდენს ორივეზე სხვადასხვა ხარისხით. მუტუალიზმი ეწოდება ორი სხვადასხვა სახეობის ორგანიზმთა თანაარსებობას, რომელიც ორმხრივ სასარგებლოა. ორმხრივ სასარგებლო სიმბიოზია პარკოსან მეცნარეთა და კოჟრის ბაქტერიების თანაასრებობა. ერთუჯრედიანი წყალმცენარისა და სოკოს თანაარსებობა მღიერებში. მიკორიზა ანუ ქუდიანი სოკოებისა და უმაღლეს მცენარეთა შორის ურთიერთდამოკიდებულება. ცხოველებში ორმხრივ სასარგებლო დამოკიდებულების მაგალითია კიბო-განდეგილისა და ნაწლაღრუიანი ცხოველის აქტინიას თანაასრებობა. აქტინია მიმაგრებულია იმ ნიჟარაზე, რომელსაც კიბო-განდეგილი თავს აფარებს. იგი იკვებება კიბოს საკვების ნარჩენებით, გარდა ამისა, კიბოს დახმარებით ხდება აქტინიას გადაადგილება გარემოში. თავის მხრივ, აქტინია თავისი გარეგნობითა და საცეცებით სხვადაიცავს მტაცებელი ცხოველებისგან. ორმხრივ სასარგებლო დამოკიდებულებაა ზოგიერთ ზღვის ცხოველსა და ერთუჯრედიან წყალმცენარეებს შორის. მაგ. მარჯნის პოლიპების ზოგიერთი სახეობის ქსოვილები ამოვსებულია ერთუჯრედიანი წყალმცენარეებით და საკმარისია წყალმცენარეები მოვაცილოთ, რომ მარჯნის პოლიპის ნორმალური ცხოველმოქმედება ირღვევა. კომენსალიზმი ურთიერთობის ისეთი ფორმაა, რომელიც ხელსაყრელია ერთ-ერთ ორგანიზმისთვის, მაგრამ განურჩეველია მეორისათვის. კომენსალიზმის მაგალითია, როდესაც მცირე ზომის ორგანიზმი სახლდება დიდი ზომის ორგანიზმის სიახლოვეს ან მის სხეულზე და სარგებლობს მისი საცხოვრებელი სივრცით, საკვების ნარჩენებით და უსაფრთხოებით. ცნობილია, რომ ახალგაზრდა თევზების გუნდი ხშირად თავს აფარებს მედუზის საცეცებს. ეს ცალმხრივ სასარგებლო სიმბიოზის მაგალითია. მტაცებლობა ეწოდება სხვადასხვა სახეობის ცხოველთა ისეთ ურთიერთდამოკიდებულებას, როდესაც ერთი სახეობის წარმომადგენელი იჭერს და საკვებად იყენებს მეორე სახეობის ორგანიზმს. როგორც წესი, მტაცებელი მსხვერპლს სწრაფად კლავს და ხშირ შემთხვევაში ერთჯერადი კვებისათვის იყენებს. მტაცებლობა მიეკუთვნება სახეობათაშორის არსებული ურთიერთქმედების ტიპს, რომელშიც ერთი სახეობა, მტაცებელი, კლავს და ჭამს მეორე სახეობას, მსხვერპლს. თუმცა ტერმინი მტაცებლობა, როგორც წესი, ასოცირდება ისეთ შემთხვევებთან, როგორიცაა მაგალითად ლომის მიერ ანტილოპაზე თავდასხმა, სინამდვილეში იგი ეხება ისეთი ფართო მასშტაბის ურთიერთობებს, როგორიცაა საერთოდ ყველა ტიპის მსხვერპლზე ნადირობა. მრავალ მტაცებელს აქვს კარგად განვითარებული ყნოსვა, რაც ეხმარება მათ მსხვერპლის ადგილმდებარეობის გარკვევასა და ამოცნობაში. ამას გარდა, ბევრ მტაცებელს აქვს ისეთი ადაპტაციური ნიშნები, როგორიცაა მაგალითად, კლანჭები, ეშვები, ნესტარი, შხამი და სხვა, რაც ეხმარება მას, დაიჭიროს ორგანიზმები, რომლებითაც ის იკვებება. ჩხარუნა გველები და სხვა ასპიდები მსხვერპლის ადგილმდებარეობას იგებენ სითბოს შეგრძნების ორგანოების მეშვეობით, რომლებიც განლაგებული აქვთ ორივე თვალსა და ნესტოებს შორის. მტაცებლები, რომლებიც მსხვერპლს მისდევენ, როგორც წესი სწრაფები არიან, ხოლო ისინი, ვინც ჩასაფრებით ეპარებიან მსხვერპლს, გამოირჩევიან მფარველობითი შეფერილობით. როგორც მტაცებელსა აქვს ადაპტაციები იმისათვის, დაჭიროს მსხვერპლი, ასევე მსხვერპლსაც აქვს ადაპტაციები, რომელიც ეხმარება მას გადარჩენაში. მაგალითად: დამცავი ქცევები: დამალვა, დასხლტომა და თავდაცვა. აქტიური ფორმის თავდაცვის ქცევა გავრცელებული არ არის, თუმცა ორგანიზმების უმეტესობა თავდაუზოგავად იცავს საკუთარ ნაშიერებს. დამცავ ქცევას წარმოადგენს განგაშისმაუწყებელი სიგნალი, რაც მსხვერპლი-სახეობების მრავალ ინდივიდს მოუხმობს, რის შემდეგაც ისინი ერთად ესხმიან თავს მტაცებელს. ცხოველებს ასევე აღენიშნებათ მრავალი მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური თავდაცვითი ადაპტაციები, მაგალითად იდუმალი შეფერილობა ანუ კამუფლაჟი, რაც მსხვერპლის ადგილ-სამყოფელის აღმოჩენას ძნელს ხდის. სხვა ცხოველებს აქვთ მექანიკური და ქიმიური დაცვის საშუალებები. მრავალ მტაცებელი-მსხვერპლს შორის ციკლური დამოკიდებულება არსებობს. პარაზიტიზმი ეწოდება ურთიერთობის ისეთ ფორმას, როდესაც ერთი ორგანიზმი არსებობს მეორის ხარჯზე, ამუხრუჭებს მის ზრდა-განვითარებას, აფერხებს მის ცხოველქმედებას და ზოგჯერ ღუპავს კიდეც. პარაზიტებს, რომლებიც ცხოვრობენ მასპინძელ-ორგანიზმებში, როგორც მაგალითად, სოლიტერი და მალარიის პლაზმოდიუმი, უწოდებენ ენდოპარაზიტებს. .იმ პარაზიტებს, რომლებიც იკვებებიან მასპინძელი-ორგანიზმის გარე საფარიდან, როგორც, მაგალითად ტკიპები და ტილები, ეწოდებათ ექტოპარაზიტები. ზოგიერთი მწერი კვერცხებს დებს ცოცხალი მასპინძლის ორგანიზმში, შემდეგ ლარვები იკვებებიან მასპინძელი-ორგანიზმის სხეულიდან და საბოლოოდ სპობენ მას. ესენი ენდოპარაზიტებია.მრავალ პარაზიტს აქვს რთული სასიცოცხლო ციკლი, რომელშიც ჩართულია რამდენიმე მასპინძელი-ორგანიზმი. მაგალითად, ლეიშმანიოზი, რომლითაც ამჟამად იმფიცირებულია დაახლოებით ორასი მილიონი ადამიანი მთელს მსოფლიოში, თავის სასიცოცხლო ციკლში ორ მასპინძელ-ორგანიზმს მოიცავს: ადამიანებს და მტკნარი წყლის ლოკოკინებს. პარაზიტიზმი ფართოდ არის გავრცელებული როგორც ცხოველთა სხვადასხვა სისტემატიკურ ჯგუფებში, ასევე მცენარეებშიც. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული პარაზიტიზმი უმარტივესთა, ჭიებსა და ფეხსახსრიანთა შორის. მასპინძელი ორგანიზმი პარაზიტისათვის საარსებო გარემოა. იგი გამოიყენებს მას, როგორც საკვების წყაროს, იკვებება მასპინძლის ორგანიზმის ქსოვილებით ანდა მის მიერ გადამუშავებული საკვებით. ნათელია, რომ პარაზიტიზმი ისეთი თანაარსებობაა, რომელიც სასარგებლოს წარმოადგენს ერთი ორგანიზმისათვის -პარზიტისათვის და საზიანოა მეორე ორგანიზმისათვის -მასპინძლისათვის. კონკურენცია და გაუზეს პრინციპი. კონკურენცია ლათინური სიტყვაა და მისი მნიშვნელობა ასეა განმარტებული-სურვილი ან მოთხოვნა იმისა, რასაც თხოულობს სხვა პიროვნება. ქართული მისი შესატყვისია-მეტოქეობა, ბრძოლა უპირატესობის მოსაპოვებლად რაიმე ასპარეზზე. კონკურენციის დროს ორგანიზმები ერთმანეთზე ახდენენ არახელსაყრელ გავლენას. ხშირ შემთხვევაში მკვლევარები ტერმინებს „ბრძოლა არსებობისათვის“ და „კონკურენციას“სინონიმებად განიხილავენ, რაც არ არის სწორი. დარვინი კონკურენციას თვლიდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ბუნებრივ გადარჩევაში, მაგრამ არ აიგივებდა მას არსებობისათვის ბრძოლასთან. დარვინის მიხედვით, კონკურენცია უფრო ძლიერად ვლინდება შიგასახეობრივ ბრძოლაში, ვიდრე სახეობათაშორის. ორი ან მეტი სახეობის პოპულაციის ინდივიდებს შორის კონკურენცია თავს იჩენს საარსებო პირობების მოპოვებისათვის შეჯიბრის დროს: საარსებო ტერიტორიის მოპოვება და მისი დაცვა; გამრავლებისთვის პარტნიორის მოპოვება; საკვები რესურსები და სხვ. რასაკვირველია, კონკურენცია მიმდინარეობს ერთი სახეობის ინდივიდებს შორისაც. ამიტომაც როდესაც კონკურენციაზეა საუბარი, აუცილებელია, მითითებული იყოს ის კონკრეტული ეკოლოგიური რესურსი, რომელზედაც ვსაუბრობთ.კონკურენციის კლასიკური მაგალითია ინფუზორია ქალამანას ორი სახეობის პოპულაციათა შორის ურთიერდამოკიდებულება. როცა ამ პოპულაციების კულტივირებას ახდენდნენ ცალ-ცალკე და ამასთანავე აძლევდნენ საკვების მკაცრად განსაზღვრულ რაოდენობას, მაშინ ეს პოპულაციები მრავლდებოდა და აღწევდა გარკვეულ მუდმივ რიცხობრიობას. მაგრამ თუ ორივე სახეობის კულტივირებას ერთად ახდენდნენ და საკვების რაოდენობა ისევ მკაცრად იყო განსაზღვრული, მაშინ დაახლოებით ორი კვირის შემდეგ გადარჩებოდა მხოლოდ ერთი სახეობის ინდივიდები, მეორე ინდივიდები კი იღუპებოდა. აღსანიშნავია, რომ გადარჩენილი სახეობის ინდივიდები არც თავს ესხმოდნენ მეორე სახეობის ინდივიდებს და არც შხამიან ნივთიერებებს გამოჰყოფდნენ. ისინი მხოლოდ უფრო სწრაფად იზრდებოდნენ და ამიტომ იმარჯვებდნენ საკვების შეზღუდული რაოდენობისათვის კონკურენციაში. ფ. გაუზემ წამოაყენა პრინციპი: ორი სახეობა ვერ იარსებებს შეზღუდულ სივრცეში, თუ მათი ძირითადი საარსებო რესურსი ერთნაირი იქნება. ანუ ორი სახეობა ვერ შექმნის თანასაზოგადოებას ერთ ეკოლოგიურ ნიშში. გაუზემ წამოყენებული პრინციპი დაამტკიცა უმარტივესთა ქცევაზე ჩატარებული ექსპერიმენტით. ორი სახეობის კონკურენციის ობიექტს წარმოადგენდა ჟანგბადის მოხმარება. ექსპერიმენტი ისე იყო დაგეგმილი, რომ ერთნაირ გარემოში ერთი სახეობა ჟანგბადს ღებულობდა ნორმალურად, მეორე კი ნაკლებს. დროთა განმავლობაში ჟანგბადის ნაკლებ მომხმარებელი სახეობის ინდივიდთა რაოდენობა მცირდებოდა. ორგანიზმთა კონკურეციული ურთიერთობა ვლინდება ისეთ პირობებში, როდესაც ისინი ისწრაფვიან ერთი და იმავე საარსებო რესურსების გამოსაყენებლად. ამიტომ კონკურენცია უარყოფით გავლენას ახდენს მათ ზრდასა და განვითარებაზე. თანამშრომლობა ანუ პროტოკოოპერაცია არის სახეობათა ისეთი გაერთიანება, როდესაც მათ შეუძლიათ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობაც, მაგრამ მათი გაერთიანება უპირატსობას ანიჭებს გადარჩენაში. მაგ. სხვადასხვა სახეობის ფრინველთა გაერთიანებები იცავს მათ მტაცებლისაგან.

No comments:

Post a Comment